“ღვინის კლუბი” კახეთში ღვინის ტურიზმის განვითარებისთვის ტრენინგებს გამართავს

აპრილის შუა რიცხვებიდან კახეთის რეგიონში „ღვინის კლუბი“, USAID-ის პროგრამის, ეკონომიკური აღმავლობის ინიციატივის (EPI) ხელშეწყობით, საგანმანათლებლო ციკლს დაიწყებს, რომელიც სხვადასხვა თემატური ტრენინგის ჩატარებას გულისხმობს: ღვინის შეთავაზება და მომსახურება, როგორ დავაგემოვნოთ ღვინო, ღვინისა და კერძის შეხამება, ქართული ღვინის კლასიფიკაცია: ჯიშები, რეგიონები, ტიპები, ქართული ღვინის ისტორია, მსოფლიოს ღვინოები, ღვინის ნაკლოვანებები და დაავადებები, მევენახეობა-მეღვინეობის ძირითადი პრინციპები და ტიპები, ღვინის მარკეტინგი და სხვ.

პირველ რიგში იგეგმება ტრენინგი „ღვინის შეთავაზება და მომსახურება“, რომელსაც WSET–ის სერტიფიცირებული სპეციალისტი, ღვინის კონსულტანტი ალექს ბადუაშვილი გაუძღვება.

ტრენინგი ჩატარდება აპრილის შუა რიცხვებში.

  • მსმენელები შეისწავლიან ღვინისა და სხვა ალკოჰოლური სასმელების სერვირებას, მომსახურების საფუძვლებს, დახვეწენ სტუმართან ურთიერთობის უნარებს.
  • კურსის ღირებულებაში შედის: კურსის სახელმძღვანელო (“ღვინის შეთავაზება და მომსახურება”), “ქართული ღვინის გზამკვლევი”–ის ბოლო გამოცემა, საგამოცდო ინვენტარი და ტესტები, კურსისთვის საჭირო აქსესუარები, მცირე სადილი.
  • ტრენინგის ხანგრძლივობა: 2 დღე
  • ტრენინგის ღირებულება ერთ მსმენელზე შეადგენს 140 ლარს. HoReCa კომპანიების წარმომადგენლებისათვის (სასტუმროების, რესტორნების, ღვინის კომპანიების და სხვ. თანამშრომლების) საფასურის ნახევარს დაფარავს EPI.

 

სერტიფიკატები გადაეცემათ მხოლოდ იმ მონაწილეებს, რომლებიც ტრენინგის ბოლოს წარმატებით ჩააბარებენ თეორიულ და პრაქტიკულ გამოცდას.

 

რეგისტრაციისათვის მოგვწერეთ ელექტრონულ ფოსტაზე info@wineclub.ge.

 

მომდევნო რამდენიმე თვის განმავლობაში ღვინის კლუბი კიდევ რამდენიმე ტრენინგის გამართვას გეგმავს კახეთის რეგიონში.