Tag: არქეოლოგია

ცოტა რამ ქართული ქვევრის შესახებ

ღვინის კლუბი საქართველოს გეოგრაფიული საზოგადოების სხდომათა დარბაზში აგრძელებს ლექცია–სემინარების ციკლს ღვინისა და კულინარიის თემაზე.  22 ნოემბერს გიორგი ბარისაშვილმა წაიკითხა მოხსენება „ცოტა  რამ ქართული ქვევრის შესახებ“, რომელიც მოიცავდა საკმაოდ ვრცელ ინფორმაციას ქვევრის შესახებ – უძველესი ისტორიული ცნობებით დაწყებული, დღევანდელი პრობლემატიკით დამთავრებული.

გიორგი ბარისაშვილის თქმით, უკვე სადავო აღარ არის, რომ საქართველოს ტერიტორიაზე აღმოჩენილი უძველესი ქვევრის ნიმუშები საღვინე ჭურჭლად გამოიყენებოდა. ამას ადასტურებს ქვევრებში აღმოჩენილი ღვინის მჟავა, რომელიც იქ მხოლოდ ღვინის ხანგრძლივი შეხების შედეგად შეიძლებოდა დარჩენილიყო.

გიორგი ბარისაშვილმა ისაუბრა ციხიაგორაზე, ბაგინეთსა და სხვა ადგილებში შემორჩენილ უძველეს მარნებზე, სადაც ჩვენს წელთაღრიცხვამდე ჩაფლული ქვევრები ზოგჯერ დაუზიანებლადაც კი არის შემონახული. ისტორიულ მარნებში ხშირად მხოლოდ ქვევრებია წარმოდგენილი, რაც იმას ნიშნავს, რომ ქართული მარნის უმთავრესი ატრიბუტი ქვევრია. ისტორიულ–არქიტექტურული თვალსაზრისით, ასევე საინტერესოა ე. წ. კოშკმარნები – ერთდროულად ღვინის საცავისა და თავდაცვითი ფუნქციის მქონე ნაგებობები.

ქართული მარანი და მისი მოწყობა, ქვევრის დამუშავება ცვილით, ქვევრის დამზადება – ამ თემებზე გიორგი ბარისაშვილმა დამსწრე საზოგადოების უამრავ კითხვას უპასუხა. დასასრულს მან განაცხადა, რომ მზადა აქვს მოხსენება ქართულ საღვინე ჭურჭელზე, რომელსაც ღვინის კლუბში მომავალი წლის დასაწყისში წარმოადგენს.

© ღვინის კლუბი/vinoge.com

ქართული მევენახეობა-მეღვინეობის რვა ათასწლეული

პირველ თებერვალს გეოგრაფიული საზოგადოების სხდომათა დარბაზში “ღვინის კლუბის” მორიგი ლექცია-სემინარი გაიმართა. დამსწრე საზოგადოებას ცნობილიქართველი არქეოლოგი და ისტორიკოსი, იულონ გაგოშიძე ქართული მევენახეობა-მეღვინეობის რვა ათასწლოვან ისტორიაზე ესაუბრა. ბატონი იულონი ამ თემაზე ათწლეულებია მუშაობს, შესაბამისად ლექცია უაღრესად საინტერესო გამოვიდა.

განვაგრძოთ კითხვა »