ოჯახური ღვინოები “ახალი ღვინის ფესტივალი 2014″–ზე

“ღვინის კლუბი” 2014 წლის 24 მაისს თბილისის ეთნოგრაფიულ მუზეუმში უკვე მეხუთეჯერ ატარებს “ახალი ღვინის ფესტივალს”, რომელიც მიზნად ისახავს ქართული ღვინის ცნობადობისა და კულტურის გაზრდას. “ახალი ღვინის ფესტივალი” ერთად–ერთი ღონისძიებაა, სადაც ღვინის დიდი საწარმოებით დაწყებული, გლეხით დამთავრებული, ყველას ეძლევა საშუალება მონაწილეობა მიიღოს. შარშან ფესტივალმა დიდი წარმატებით ჩაიარა, “ღვინის კლუბმა” უმასპინძლა 20 ათასამდე სტუმარს, რომელთა დიდ ნაწილსაც ღვინით დაინტერესებული პირები და ის მომხმარებლები წარმოადგენდნენ, რომლებიც ცდილობენ უფრო კარგად გაერკვნენ ქართულ ღვინოში. ფესტივალს ძალიან ბევრი უცხოელი სტუმარი ჰყავდა, ასევე სტუდენტი-ახალგაზრდობა, რომლებიც დღეს უკვე საკმაოდ აქტიურ როლს თამაშობენ ქართული ღვინის პოპულარიზაციის საქმეში.

გასულ წელს ფესტივალში მონაწილეობდა საქართველოში არსებული თითქმის ყველა დიდი კომპანია, ასევე მცირე მარნები და მევენახე–გლეხები, რომლებიც “ღვინის კლუბმა” რეგიონებში შეარჩია. ფესტივალზე წარმოდგენილი იყო მხოლოდ ბოლო მოსავლის ღვინოები.

უნდა აღინიშნოს, რომ ოჯახური მარნებისთვის დიდი სტიმული აღმოჩნდა აღნიშნულ ღონისძიებაში მონაწილეობა, რასაც ადასტურებს ის ფაქტი, რომ რამდენიმე მათგანმა უკვე ჩამოასხა ღვინო და წარმატებით შემოვიდა ქართულ ბაზარზე.

წელს “ღვინის კლუბმა” გადაწყვიტა კიდევ უფრო გააფართოვოს ოჯახური ღვინის მიმართულება, რათა საქართველოს ყველა კუთხიდან გახდეს შესაძლებელი ფესტივალზე ახალი ღვინოების წარდგენა.

ფესტივალის მონაწილეებს გადაეცემათ სპეციალური სერთიფიკატები და “ღვინის კლუბის” სამახსოვრო საჩუქრები.

ფესტივალისთვის გამოიცემა სპეციალური ორენოვანი კატალოგი, სადაც შესული იქნება ინფორმაციები მონაწილეების შესახებ.

ფესტივალში მონაწილეობის პირობები:

  • ფესტივალში მონაწილეობა შეუძლია ყველა ოჯახური ღვინის მწარმოებელს.
  • ფესტივალში მონაწილეობის მსურველმა რეგისტრაცია უნდა გაიაროს არაუგვიანეს 2 მაისისა.
  • მონაწილე გაივლის შესარჩევ ტურს, “ღვინის კლუბის” სპეციალური ჟიური შემოსული ნიმუშებიდან შეარჩევს 50 საუკეთესო ღვინოს, რომელიც დაიშვება ფესტივალზე.
  • შესარჩევ ტურშიც და ფესტივალზეც წარმოდგენილი უნდა იყოს მხოლოდ 2013 წლის მოსავლის ახალი ღვინო.
  • ფესტივალში მონაწილეობა ოჯახური მარნებისთვის უფასოა.
  • მონაწილეობის მსურველებმა უნდა წარმოადგინონ სადეგუსტაციო ნიმუში (2 მინის ბოთლის ოდენობით) და შევსებული ანკეტა.
  • მონაწილეთა ვინაობა ცნობილი გახდება ფესტივალამდე 2 კვირით ადრე.
  • ფესტივალზე წარსადგენი ღვინის განსაზღვრული რაოდენობა შეადგენს მინიმუმ 10 ლიტრს.

გთხოვთ სადეგუსტაციო ნიმუშები, თანდართული ანკეტით, მოიტანოთ შემდეგ მისამართზე:

ქ. თბილისი, ვაჟა–ფშაველას 45, სართული 14, ღვინის კლუბი. ტელ: 2180171 მობ: +995 599 351616 E-mail: info@wineclub.ge

ნიმუშების მიღება წარმოებს ყოველ სამუშაო დღეს, 11:00–დან 17:00–მდე

ანკეტა გადმოწერეთ აქედან