ახალი ღვინის ფესტივალი 2016 – მონაწილეობის პირობები ღვინის კომპანიებისთვის

ახალი ღვინის ფესტივალი 14 მაისს, მთაწმინდის პარკში ჩატარდება – 11:00-დან 18:00 საათამდე მცირე / ოჯახური, საშუალო და დიდი მეღვინეობები ფესტივალის სტუმრებს წარუდგენენ 2015 წლის მოსავლის ღვინოებს.

 

new wine fest geo

თუკი ღონისძიების მასშტაბებს თვალს გადავავლებთ, ახალი ღვინის პირველ ფესტივალზე, რომელიც 2010 წელს ჩატარდა, ღვინის მწარმოებელი 15 კომპანია იღებდა მონაწილეობას, ხოლო გასულ 2015 წელს ფესტივალზე შეკრებილი იყო დიდი, საშუალო და მცირე მეღვინეობები, ასოციაციები და სახელმწიფო ორგანიზაციები – სულ 105 სუბიექტი. ახალი ლოკაციის თაობაზე საქართველოს ღვინის კლუბმა გადაწყვეტილება მიიღო მონაწილეობის მსურველთა უპრეცედენტო რაოდენობიდან გამომდინარე.
გასულ წელს „ახალი ღვინის ფესტივალი“ უცხოურ მედიაში 20-მდე პუბლიკაციაში – ბლოგპოსტებში, სტატიებსა და რადიო გადაცემებში გაშუქდა.
ახალი ღვინის ფესტივალი 2016-ის უცვლელი მხარდამჭერები იქნებიან ღვინის ეროვნული სააგენტო და ქ. თბილისის მერია.

ფესტივალის პირველ დღეს, 13 მაისს, საქართველოს ღვინის კლუბი მოაწყობს დახურულ დეგუსტაციას, რომლის თემა იქნება ქვევრის ღვინოები საქართველოს ფარგლებს გარეთ. შესაბამისად, დეგუსტაციაზე წარმოდგენილი იქნება უნიკალური ქვევრის ღვინოები საფრანგეთიდან, იტალიიდან, სლოვენიიდან, გერმანიიდან და ავსტრიიდან.

ახალი ღვინის ფესტივალში მონაწილეობის მსურველმა ღვინის კომპანიამ რეგისტრაცია უნდა გაიაროს არა უგვიანეს 2016 წლის 19 აპრილისა. რეგისტრაციისთვის საჭიროა, ღვინის კლუბის ელ ფოსტაზე (info@wineclub.ge) გამოაგზავნოთ შევსებული ანკეტა.

ანკეტა გადმოიწერეთ აქედან.