სხვადასხვა

გაზეთ ,,მარანის“ მეშვიდე ნომერი

გაზეთ ,,მარანის“ მეშვიდე ნომერი, რომელიც 14 მაისს გამოვა, თითქმის  მთლიანად ეძღვნება გასულ  კვირას საქართველოში პირველად ჩატარებულ ,,ახალი ღვინის ფესტივალს“. გაზეთში გაეცნობით  ალეკო ცქიტიშვილის სტატიას ,,ახალი ღვინის ფესტივალი  ერთი წლით დაგვემშვიდობა“ და ლევან სეფისკვერაძის მიმოხილვა–რეპორტაჟს ამ ფესტივალის შესახებ. გაზეთის ორი ფერადი გვერდი მთლიანად ეთმობა ფესტივალის ამსახველ ფოტოკოლაჟს. ნინო ახლოური სტატიაში ,,ღვინის მესამე ეროვნული კონკურსი – საქართველო ღვინის სამშობლო“ გაეცნობით კონკურსის მიმდინარეობის დეტალებსა და მის გამარჯვებულებს. ჩვენი გაზეთის ბოლო გვერდი, როგორც ყოველთვის, გემრიელ და ორიგინალურ კულინარიულ რეცეპტებს ეთმობა.

გამოვიდა გაზეთ ,,მარანის“ მეექვსე ნომერი

გამოვიდა გაზეთ ,,მარანის“ მეექვსე ნომერი, რომელშიც  გაეცნობით:

,,ახალი ღვინის“  ფესტივალის ორგანიზატორთა  მისალმებას;

ლევან სეფისკვერაძის  წერილს ,,ქართული პარადოქსი  – ღვინის ხარისხი იზრდება, რეალიზაცია მცირდება“, რომელშიც ავტორი მიმოიხილავს ღვინის მაღაზიებსა და მათ პრობლემებს;

სოფიკო კვანტალიანის სტატიას ,,კასრების ჯადოქრობა“ რომელშიც ძალზე საინტერესოდაა  აღწერილი კასრების წარმოების  ტექნოლოგია და პროცედურა;

ქეთი ადეიშვილის წერილში ,,გაშალეთ სუფრა, გადმოჰფინეთ ბანზე ხალები“  – ძველი თბილისური სამზარეულოსა და კულინარიული ტრადიციების შესახებ შეიტყობთ;

რუბრიკაში ,,კლასიფიკაცია“  ამჯერად ესპანეთისა და გერმანიის  ღვინოებს წარმოგიდგენთ.

მოგესალმებით

დღეს გაეშვა ღვინის კლუბის საიტი.
გთხოვთ გამოთქვათ თქვენი მოსაზრებები, რაც შესაძლებლობისდამიერ იქნება გათვალისწინებული.

რა მივაყოლოთ ქართულ ღვინოს – “ღვინის კლუბის” რჩევები

მალხაზ ხარბედია

საქართველოში ჯერ კიდევ მყარია განუზომელი რაოდენობით ღვინის სმის ტრადიცია და ამიტომაც, ზოგიერთ სუფრასთან ცოტათი სასაცილო ჩანს ხოლმე ღვინისა და კერძის შეხამებაზე საუბარი და რესტორანში ამათუიმ კერძთან რომელიმე კონკრეტული ღვინის შეკვეთამ ზოგიერთ თანამეინახეს შესაძლოა ღიმილიც მოჰგვაროს. ჩვენთან ძალზე უცნაურ კატეგორიებადაა ღვინოები დაყოფილი და იმის ნაცვლად, რომ ისინი ერთმანეთისგან უფრო მყარი კრიტერიუმების საფუძველზე გავარჩიოთ, მას ძირითადად ე.წ. “საქეიფო” და “საწრუპავ” ქვეჯგუფებში ვათავსებთ. როგორც ჩანს, ქართველებს ასე უფრო გვიადვილდება ცხოვრება. ღვინის მრავალფეროვანი სამყაროს უკეთ აღსაქმელად, მხოლოდ ორი კატეგორიით ვიფარგლებით, რადგან უფრო მეტი, თავგზას გვიბნევს.

განვაგრძოთ კითხვა »

დაარსდა “ღვინის კლუბი”

wine_club-first-logo
ღვინისა და გასტრონომიის შესახებ ბლოგის, vinoge.com-ის ბაზაზე დაფუძნდა “ღვინის კლუბი”, რომელიც აერთიანებს არა მარტო მეღვინეებს, არამედ სხვადასხვა პროფესიის ადამიანებსაც, მათ შორის ჟურნალისტებს, იურისტებს, კულტურული მემკვიდრეობის სპეციალისტებს, არქეოლოგებს, ლიტერატორებს, ფერმერებს.
“ღვინის კლუბის” მიზნებია: ღვინის შესახებ ცოდნისა და ქართველი მომხმარებლის კულტურის ამაღლება, მაღალი ხარისხის ღვინის პროპაგანდა, ქართული მევენახეობა-მეღვინეობის ტრადიციების აღორძინება, გაბედული სიახლეებისა და ნოვატორული წამოწყებების მხარდაჭერა, მაქსიმალური და მართალი ინფორმაციის მიწოდება ბაზარზე წარმოდგენილი ქართული და უცხოური ღვინოების შესახებ, ქართული სამზარეულოს დახვეწა ადგილობრივი ღვინოების მიხედვით, სარესტორნო კრიტიკის ხელშეწყობა, ღვინის ტურიზმის განვითარებაში წვლილის შეტანა და ა. შ.
“ღვინის კლუბი” ორგანიზებას გაუწევს და ჩაატარებს საერთაშორისო, რეგიონალურ და ადგილობრივი მნიშვნელობის კონფერენციებს, სემინარებს, ტრენინგებს, გამოფენებსა და სხვა ღონისძიებებს; მოაწყობს ეთნოგრაფიულ ფოტოექსპედიციებს რეგიონებში, სადაც შეიკრიბება ინფორმაცია მეღვინეობა-მევენახეობის შესახებ.
პერიოდულად ჩატარდება ღვინის დეგუსტაციები სხვადასხვა ექსპერტების მონაწილეობით. კლუბის სემინარებზე კი მეღვინეები, მევენახეები, ისტორიკოსები, ფილოლოგები, სომელიეები, ჟურნალისტები, უცხოელი სპეციალისტები წაიკითხავენ ლექციებს კონკრეტულ თემებზე. კონფერენციები და მრგვალი მაგიდები უპირატესად მიეძღვნება თანამედროვე ქართულ მეღვინეობაში არსებულ პრობლემებსა და სამომავლო პერსპექტივებს. დისკუსიის შედეგები დაიბეჭდება ჟურნალ-გაზეთებში და გაშუქდება ტელევიზიით.
“ღვინის კლუბი” უკვე ითვლის 30–მდე წევრს, კლუბის თავმჯდომარეა მალხაზ ხარბედია.