ლექცია-სემინარები

ლექცია სემინარი ქართული ღვინის მარკეტინგის შესახებ

ღვინის კლუბში ტრადიციული ლექცია–სემინარები გრძელდება. 1 ნოემბერს საქართველოს გეოგრაფიული საზოგადოების დარბაზში მარკეტოლოგმა ნიკო თევდორაშვილმა წაიკითხა მოხსენება: „ქართული ღვინის მარკეტინგი დღეს – შეცდომები და შესაძლებლობები“.
ნიკო თევდორაშვილის შეფასებით, ქართული ღვინის ბაზარი ვითარდება, გაყიდული ღვინის რაოდენობა იზრდება, მაგრამ ღვინის პროფესიონალური მარკეტინგი მაინც არ არსებობს.
მარკეტოლოგის ზოგიერთმა მოსაზრებამ და რეკომენდაციამ კლუბში დისკუსია გამოიწვია. მომხსენებელს განსაკუთრებით ღვინის მწარმოებლები არ ეთანხმებოდნენ. მაგალითად, „მეღვინეობა ხარებას“ წარმომადგენელს გაუკვირდა, როდესაც ნიკო თევდორაშვილმა განაცხადა, რომ ღვინის კომპანიების დიდი ნაწილი ბოთლში ჩამოსხმულ 16–ლარიან ღვინოს ჩამოსასხმელი სახით 2 ლარად ყიდის, რაც ფაქტობრივად მომხმარებლის მოტყუებაა.
ასევე დისკუსია მოჰყვა მომხსენებლის შეფასებას, რომ საქართველოს ღვინის ბაზარზე ჯერ კიდევ არ არსებობს ბრენდები, თუკი ბრენდად განვიხილავთ „საქვეყნოდ აღიარებულ“ სავაჭრო ნიშანს, რომელსაც მწარმოებლისთვის მაღალი დამატებითი ღირებულება მოაქვს.
„როგორც ბუნებაში შეუძლებელია იპოვო ორი აბსოლუტურად  ერთნაირი მცენარე, ასევე მარკეტინგში  წარმოუდგენელია უნივერსალური პასუხი, პოზიციონირების რომელი კონცეფცია მუშაობს უკეთესად. ყველაფერი დამოკიდებულია კონკრეტულ პირობებზე და კონკრეტულ სპეციალისტებზე. მოსალოდნელ მარკეტინგულ ბრძოლებში მთავარი იარაღი იქნება ბრენდინგი – ის, რაც ჩვენს ღვინის ბაზარზე ჯერ არ არის. კომპანიებს, რომლებსაც უნდათ უზრუნველყონ მშვიდი და წარმატებული მომავალი, აუცილებლად უნდა გასწიონ დიდი ძალისხმევა და გამონახონ საშუალებები თავიანთი სავაჭრო მარკის შემუშავებისათვის და მისი წარმატებისათვის“, – აღნიშნა ნიკო თევდორაშვილმა.
საუბარი ასევე შეეხო ქართული ღვინის საექსპორტო სტრატეგიის პრობლემებს. ნიკო თევდორაშვილი იზიარებს მოსაზრებას, რომ ქართული ღვინო ვერ გაუწევს კონკურენციას ჩილეს, არგენტინის, ავსტრალიისა და სხვა ე. წ. ახალი სამყაროს იაფფასიან ღვინოებს. ამიტომ ქართულმა ღვინოებმა მსოფლიო ბაზარზე ადგილი საშუალო საფასო სეგმენტისა და პრემიუმ კლასის ღვინოებს შორის უნდა დაიკავოს.
© ღვინის კლუბი/vinoge.com

აკადემიკოს ნოდარ ჩხარტიშვილის მოხსენება ღვინის კლუბში

obchis_tsiteli.jpg

 

ღვინის კლუბმა ლექცია-სემინარების ციკლი განაახლა მევენახეობა-მეღვინეობის აქტუალურ თემებზე. 18 ოქტომბერს, საქართველოს გეოგრაფიული საზოგადოების სხდომათა დარბაზში, ღვინის კლუბის წევრებს და სტუმრებს ცნობილმა ამპელოგრაფმა, აკადემიკოსმა ნოდარ ჩხარტიშვილმა წაუკითხა მოხსენება: ,,ქართული ვაზის უნიკალური ჯიშების პერსპექტივები ადგილობრივ და მსოფლიო ბაზარზე”.

ნოდარ ჩხარტიშვილის თქმით, საქართველოში საუკუნეების განმავლობაში 500-ზე მეტი ვაზის ჯიში ჩამოყალიბდა. აქედან დღეს საგურამოს საკოლექციო ნაკვეთში აღდგენილია 430-მდე ჯიში.

ნოდარ ჩხარტიშვილმა ასევე ისაუბრა იმაზე, თუ როგორ შეეწირა საბჭოთა პერიოდში მაღალმოსავლიანობაზე გათვლილ მრეწველობას ხარისხიანი, მაგრამ დაბალმოსავლიანი ჯიშები. როგორ განადგურდა საქართველოს დამოუკიდებლობის წლებში (განსაკუთრებით ბოლო წლებში) მეხილეობის, მევენახებისა და მეღვინეობის ინსტიტუტში საცდელი საკოლექციო ნაკვეთები. მხცოვანი მეცნიერის ლექცია ღვინის კლუბში საკმაოდ დიდხანს, სამი საათის განმავლობაში გაგრძელდა და ვაზის ქართულ ჯიშებთან დაკავშირებული მრავალი საჭირბოროტო საკითხი მოიცვა.

©ღვინის კლუბი/vinoge.com

ჰილარიუს პიუტცის ლექცია ღვინის კლუბში

საფესტივალო სეზონის შემდეგ, ღვინის კლუბმა საქართველოს გეოგრაფიული საზოგადოების დარბაზში განაახლა ლექცია-სემინარები მევენახეობა-მეღვინეობის თემაზე. 6 ივნისს ღვინის კლუბის წევრებს და დაინტერესებულ სტუმრებს ცქრიალა ღვინოების მწარმოებელი კომპანიის – „ბაგრატიონი 1882“-ის მოწვეული სპეციალისტი, ჰილარიუს პიუტცი ქართული მევენახეობა-მეღვინეობის პრობლემებსა და პერსპექტივებზე ესაუბრა.
გერმანელი სპეციალისტი საქართველოში უკვე 4 წელია მუშაობს. მისი დაკვირვებით, საბჭოთა პერიოდში ქართული მევენახეობა-მეღვინეობა საკუთარ ნაჭუჭში ჩაიკეტა და ტრადიციული მეღვინეობის მქონე ევროპული ქვეყნების შესაბამისი დარგების განვითარების დონეს ჩამორჩა. ძველი თაობის ქართველი სპეციალისტები ევროპულ ტექნოლოგიებს და ტექნიკას ძნელად იღებენ. მხოლოდ ბელარუსის ტრაქტორების გამოყენებით კი ვენახების მდგრადი მოვლა-პატრონობა შეუძლებელია, თუკი მევენახეს უნდა, ნაკლები შრომა და ხარჯი გასწიოს და თან ღვინისთვის აუცილებელი ხარისხიანი ნედლეული მიიღოს.
ჰილარიუს პიუტცის ლექციის დიდი ნაწილი მევენახეობაში ნაკლები შესაწამლი საშუალებების გამოყენებისა და ნიადაგის ბიოლოგიური სტრუქტურის დაცვის თემას ეხებოდა. „თანამედროვე ტექნიკა აუცილებელია, მაგრამ ამ ტექნიკის გამოყენება უნდა იცოდე ისე, რომ იგი ვენახს წაადგეს და არა ისე, რომ ნიადაგიც გამოფიტოს და ვაზიც დააკნინოს“, – განაცხადა მან.
მისი თქმით, კომპანია „ბაგრატიონი 1882“ ბოლო წლების განმავლობაში აქტიურად აშენებს ვენახებს ქართლსა და იმერეთში. ძირითადად ირგვება ქართული ჯიშები, რომლებიც ტრადიციულად, ცქრიალა ღვინოების დასამზადებლად გამოიყენება: ციცქა, მწვანე კახური, ჩინური, გორული მწვანე. ცქრიალა ვარდისფერი ღვინოებისთვის კომპანია იყენებს საფერავს, წელს კი ბაზარზე კიდევ ერთი ქართული ვაზის ჯიშის – თავკვერის ვარდისფერი ღვინო გამოჩნდება.
თუ როგორი ხასიათის ღვინო მიიღება ვაზის ამ ჯიშების ნაყოფისგან, ჰილარიუს პიუტცმა დამსწრე საზოგადოებას საილუსტრაციოდ „ბაგრატიონი 1882“-ის ხუთი სახეობის ღვინო გაასინჯა. მათ შორის ყველაზე საინტერესო იყო ჩინურის, მწვანე კახურისა და ციცქასგან კლასიკური ბოთლური მეთოდით დაყენებული მშრალი ცქრიალა ღვინო და საფერავისგან დაყენებული ვარდისფერი ცქრიალა ღვინოები.

© ღვინის კლუბი/vinoge.com

ღვინის მწერლობა და ჟურნალისტიკა

ღვინის მწერლობა

15 თებერვალს “ღვინის კლუბში” გაზეთ “მარანის” რედაქტორმა და კლუბის პრეზიდენტმა მალხაზ ხარბედიამ წაიკითხა ლექცია თემაზე – “ღვინის მწერლობა და ჟურნალისტიკა”. იგი შეეხო როგორც უცხოეთის, ისე ქართული ღვინის ჟურნალისტიკის ისტორიას და ისაუბრა საკუთარ გამოცდილებაზეც.

განვაგრძოთ კითხვა »

ქართული მევენახეობა-მეღვინეობის რვა ათასწლეული

პირველ თებერვალს გეოგრაფიული საზოგადოების სხდომათა დარბაზში “ღვინის კლუბის” მორიგი ლექცია-სემინარი გაიმართა. დამსწრე საზოგადოებას ცნობილიქართველი არქეოლოგი და ისტორიკოსი, იულონ გაგოშიძე ქართული მევენახეობა-მეღვინეობის რვა ათასწლოვან ისტორიაზე ესაუბრა. ბატონი იულონი ამ თემაზე ათწლეულებია მუშაობს, შესაბამისად ლექცია უაღრესად საინტერესო გამოვიდა.

განვაგრძოთ კითხვა »