
21 უნიკალური ჯიში
ალეკო ცქიტიშვილი
2 დეკემბერს ღვინის კლუბის მორიგი საჯარო დეგუსტაცია ვაზის იშვიათ ქართულ ჯიშებს და მათგან დაყენებულ ღვინოებს მიეძღვნა. მაჩაბლის ქუჩაზე “ღვინის ბარ – shall”-ში შეკრებილი საზოგადოება ისტორული მოვლენის მონაწილე გახდა. ეს იყო დანახარულის, კახური მცვივანის, მგალობლიშვილის, საკმიელას, ახმეტის შავისა და ვაზის სხვა უსამართლოდ მივიწყებული ქართული ჯიშებისგან დაყენებული ღვინოების პირველი საჯარო პრეზენტაცია. ჯიშური ინდივიდუალობით და მაღალი ღირსებებით გამორჩეულმა ღვინოებმა დეგუსტაციის მონაწილე დარგის მეცნიერები, ჟურნალისტები და ღვინის მოყვარულები ერთნაირად აღაფრთოვანა.
“ქართული ჯიშების უმეტესობის პოტენციალი მეღვინეობაში უცნობია. არსებობს 521 ქართული ჯიშის სია, მაგრამ როცა შეგვეკითხებიან – როგორია ამ 521 ჯიშის პროდუქტი, პასუხი არ გვექნება, თუკი მათი ყურძნისგან ღვინო არ დავაყენეთ და არ გავსინჯეთ. დღევანდელი დღე არის ისტორიული, რადგან ის, რაც ღვინის კლუბმა წელს გააკეთა, არ გაკეთებულა ათწლეულების განმავლობაში. აქამდე არავის უცდია, იშვიათი ჯიშებისგან ღვინო დაეყენებინა და შემდეგ ფართო საზოგადოებისთვის გაესინჯებინა”, – აღნიშნა ღვინის კლუბის წევრმა, რეჟისორმა ლევან კიტიამ დეგუსტაციის შედეგების შეჯამებისას.





