კალიფსოს ტყვეობაში

ეს დღეებია თავს ანტიკურ ხანაში მცხოვრებ ადამიანად ვგრძნობ. არა, არც ღვინის წყალში გაზავება დამიწყია და არც დროის სხვა განზომილებაში ტელეპორტაციის საიდუმლო აღმომიჩენია. უბრალოდ, როგორც იცით, გასულ კვირას ლოტოფაგების ქვეყანაში შევხვდი, ჩემი ნოსტალგიური პოსტის წყალობით კი ნეტგაზეთზე თანამედროვე ოდისევსის სტატუსიც მივიღე. ისტორიის გაგრძელებას აღარ ველოდი, როდესაც მახო ხარბედიამ (ონ ჟე მალხაზ, ონ ჟე მოი ბოს, ღვინის კლუბის პრეზიდენტი, მწერალი, ჟურნალისტი, ლიტერატურული კრიტიკოსი, ღვინის კრიტიკოსი და ა.შ. – ვფიქრობ, რომ იცნობთ) მკითხა, შაბათ საღამოსთვის რაიმე გეგმები მქონდა თუ არა და თუ შემეძლო რესტორან „კალიფსო“-ში შვიდ საათზე მივსულიყავი. აქ უკვე ნამდვილად დავიძაბე. ჯერ იყო და გრინფილდს უნდოდა თავისი საძაგელი ლოტოსის ჩაით ჩემში პატრიოტული ამნეზიის გამოწვევა, ახლა კიდევ კალიფსოსთან მოხვედრის პერსპექტივა გაჩნდა. მოკლედ, მართლა დავიძაბე და თვალი წინ, კედელზე ჩამოკიდებულ კოლაჟზე გამიშტერდა, რომელიც თავადვე შევქმენი. ჩემს შემოქმედებას ბევრი ეჭვის თვალით უყურებს, მაგრამ ერთი რამ ამ კოლაჟთან დაკავშირებით ნაღდია – წარწერა „Случаиность – постоянный принцип“.

მეორე დღეს კალიფსოში რომ მივედი, ალბათ ამ პრინციპის დამსახურებაცაა, თუმცა გადამწყვეტი როლი მაინც იმ ღონისძიებამ ითამაშა, რომელიც შაბათ საღამოს ღვინის კლუბმა და საქართველოს მეთევზეთა კლუბმა გამართეს. საღამოს მიზანი ქართული ღვინისა და საქართველოში გავრცელებული თევზის სახეობების საუკეთესო წყვილების აღმოჩენაში მდგომარეობდა. იქ ბლოგერის სტატუსით მივედი, რამაც მაქსიმალურად მომცა საკუთარ შეგრძნებებსა და შთაბეჭდილებებზე კონცენტრირების საშუალება და მაინც, ვეცდები მხოლოდ საკუთარ თავზე არ გესაუბროთ.

პირველ რიგში, კალიფსოსთან რომ მოხვდეთ, არ არის საჭირო ხომალდის ნაფოტზე ჩაფრენილმა ზღვაში ცხრა დღე იცუროთ. ეს ახალი რესტორანი თამარაშვილის 17-ში მდებარეობს და ინტერიერის (მიუხედავად იმისა, რომ ხისაა) წყალობით ნაუტილუსის და კუსტოს კალიფსოს ასოციაციებს უფრო იწვევს, ვიდრე რაიმე ბერძნულის. სასიამოვნო გარემოს ფაქტორი იყო თუ კარგ ხალხთან შეხვედრის, დარჩენის სურვილი შვიდი წლით არა, მაგრამ რამდენიმე საათით მაშინვე გამიჩნდა. თუმცა საღამოს მთავარი ხიბლი მაინც ის იყო, რომ მას ორი საქმეში დიდად ჩახედული ადამიანი, მახო ხარბედია და რესტორნის მასპინძელი, ასევე მეთევზეთა კლუბის პრეზიდენტი უძღვებოდა. ამ უკანასკნელმა, გარდა იმისა, რომ დეტალურად ისაუბრა შემოთავაზებულ კერძებზე, ყურადღება ბრაკონიერების და გადაშენების პირას მდგარი თევზის ჯიშების თემაზე გაამახვილა. მახოს ნაწილი სტუმრებისთვის უფრო სასიამოვნო გახლდათ, რადგან იშვიათი ფუფუნებაა სადილის დროს პროფესიონალი გურმანის რჩევების მიღება და პარალელურად თევზსა და ლიტერატურაზე საუბარი. ვიცი ახლა ფიქრობთ, რედაქტორია და აქებსო, მაგრამ ეს გარემოება ჩემთვის შემზღუდავი უფროა, ვიდრე წამახალისებელი. მახოს მიმართ ობიექტური რომ ვერ იყო, მასთან მეგობრობა და მუშაობა არაა საჭირო, საკმარისია ჰოლდენ კოლფილდზე მისი დაწერილი ანტიამნეზიური თავის წაკითხვა. ამიტომ ამბის უფრო ობიექტურ ნაწილზე გადავალ – თევზის კერძებსა და ქართულ ღვინოებზე.

ვახშამი თევზის ხუთ კერძსა და 25-მდე ღვინის არჩევანს მოიცავდა. პირველ რიგში, უნდა აღვნიშნო ორაგულის უხა, რომელიც კალიფსოში პომიდვრით, კარტოფილით და მწვანილით იკაზმება და ძალიან განსხვავდება კლასიკური უხასგან. ეს მისი ბულგარული ვარიანტია. მიუხედავად იმისა, რომ გაჟღერდა რჩევა, მისი დაგემოვნება წითელ ღვინოსთან გვეცადა, მე მის გასინჯვას ღვინის გარეშე გირჩევდით. ძალიან მინდოდა ექსპერიმენტირება ზოგადად წითელი ღვინის თევზთან შეხამების, მაგრამ არც ეს გამომივიდა, ამიტომ კლიშე ჩემთვის კლიშედ დარჩა (წითელი ღვინის ქიმიური შემადგენლობა (რკინის იონები) არათავსებადია თევზთან და უსიამოვნო გემურ შეგრძნებებს იწვევს. პომიდორს მართლა შეეძლო მისი განეიტრალება, მაგრამ პირადად მე წვნიანთან ახალგაზრდა ღვინის შეხამება არ მომეწონა).

ჩემი მთავარი აღმოჩენა არის ის, რომ ორაგულს, კრევეტებს, კალმახს და სხვა თევზებს ერთნაირად კარგად უხდება ვარდისფერი ღვინო. მისი სმა ზამთარში არ მიყვარს, მაგრამ თევზებთან ჩემთვის უკონკურენტოა. პირველად გავსინჯე თელავის ღვინის მარნის საფერავი როზე. ვარდისფერში ყველაზე მეტად მარწყვის ტონები მომწონს, მაგრამ ამ ღვინის ბუკეტიც მშვენიერია, ყვავილების არომატით. საკმაოდ კარგი მჟავიანობა აქვს, რის გამოც სწორედ თევზთან გირჩევდით მის დალევას და ნაკლებად ხილთან. ჩემი აზრით, ახალგაზრდა ყველის კარგი მეწყვილეც იქნება.
კალიფსოში აუცილებლად უნდა გასინჯოთ კონიაკის და სანელებლების მარინადში გამოყვანილი ორაგულის ფილე (მაგ. ბადაგონის წინანდალთან ან თელავის მარნის მწვანე ქისთან). შესანიშნავი იყო შემწვარი კალმახი ქამა სოკოთი და ნაღებით, რბილი, დელიკატური კერძი, რომელსაც ძალიან მოუხდა ისეთი მშრალი და მკაცრი ხასიათის ღვინო, როგორიცაა შუხმანის შარდონე, ხის და ვანილის ტონებით, თუმცა მაინც საკმაოდ ცოცხალი. ასევე კარგად შეეწყო შატო მუხრანის თეთრ სოვინიონსაც. ყველაფერი მოუხდა შემწვარ ბარაბულს – ამ თევზს იმდენად არაფრით გამორჩეული გემო აქვს, რომ თამამად შეგიძლიათ შეუხამოთ ყველაზე ეგზოტიკური გემოს სოუსებს თუ რთულ ღვინოებს.

შესანიშნავი ღვინოების დამსახურება იყო თუ კალიფსოს მზაკვრობის, ვახშამზე მართლა გვიანობამდე შემოვრჩი. შუაღამე უკვე გადასული იყო, როცა სახლი გამახსენდა და კეთილ მასპინძელს გამოვემშვიდობე. ჰომეროსის სიუჟეტს თუ მივყვებით, ახლა ალბათ ფეაკელებთან უნდა ვიჯდე და დემოდოკეს სიმღერას ვისმენდე აფროდიტესა და არესის ცოდვიან სიყვარულზე. ამის მაგივრად ჩემს ოთახში ვზივარ და ერიკ ტრიუფას არხანგელსკს ვუსმენ. ითაკამდე, ალბათ, შორია…

წყარო: sunlibrary.blogspot.com