ტრადიციული ქართული საღვინე ჭურჭელი

19 ივნისს საქართველოს გეოგრაფიული საზოგადოების დარბაზში ღვინის კლუბის ტრადიციული ლექცია-სემინარების ციკლი გაგრძელდა მკვლევარ გიორგი ბარისაშვილის ლექციით – “ქართული ტრადიციული საღვინე ჭურჭელი”.
გიორგი ბარისაშვილი უკვე მრავალი წელია იკვლევს ქართული ტრადიციული საღვინე ჭურჭლის ისტორიულ-ეთნოგრაფიულ საკითხებს. მეცნიერული ნაშრომებისა და ისტორიული წყაროების შესწავლის პარალელურად, იგი ბევრს მოგზაურობს საქართველოს სხვადასხვა კუთხეში და უშუალოდ ადგილზე ეცნობა, სად და როგორ არის შემორჩენილი ყოფაში ესა თუ ის ჭურჭელი.
ღვინის კლუბისთვის მომზადებულ მოხსენებაში გიორგი ბარისაშვილმა ისაუბრა თიხის, სპილენძის, ხის, ტყავის ტრადიციული ქართული საღვინე ჭურჭლის სახეებზე, მათი დამზადების მეთოდებზე.
თასი, ჯამი, ჯამფილა, ფიალა, წაფი, ჩაფი, დოქი, გოზაური, კოკა, ჭარიკა, ხელადა, ტოლჩა, მარანი, ჭინჭილა, ორჭინჭილა, სამტანა, ხელქოთანა და სხვა თიხისგან დამზადებული ჭურჭლის მრავალი სახეობა სპეციალისტებს მიუთითებს, რომ საქართველოში მეღვინეობა უძველესი დროიდან არსებობს. შესაბამისად, ათასწლეულებს ითვლის თიხისგან საღვინე ჭურჭლის დამზადების ტრადიციები, რასაც არქეოლოგიური აღმოჩენებიც ადასტურებს.
გიორგი ბარისაშვილის თქმით, ავგარდანი, კოჭობი, ხაპირი, ბადია და სპილენძისგან დამზადებული სხვა ტრადიციული საღვინე ჭურჭელი ასევე ინტენსიურად გამოიყენებოდა როგორც სამარნე, ისე სასუფრე დანიშნულების ჭურჭლად. ხისგან ამზადებდნენ კასრებს, ჩანებს, კათხებს და სხვა ჭურჭლებს ან დამხმარე სამარნე ხელსაწყოებს. არანაკლებ საინტერესოა ტყავისგან ისეთი საღვინე ჭურჭლის დამზადების ტრადიციები, როგორიც ძირითადად ღვინის ტრანსპორტირებისთვის იხმარებოდა. ერთ-ერთი ასეთი ჭურჭელია რუმბი, რომელიც ხარის, კამეჩის ერთიანი ტყავისგან მზადდებოდა და მე-19 საუკუნის ბოლომდე ფართოდ გამოიყენებოდა დიდი რაოდენობით ღვინის ტრანსპორტირებისათვის. ერთ რუმბში, ზოგჯერ 500–600 ლიტრი ღვინო ჩადიოდა.
ტრადიციული საღვინე ჭურჭლის დამზადების პარალელურად ვითარდებოდა მათი მორთვისა და ხარისხის გაუმჯობესების ტექნოლოგიები. იყვნენ ოსტატები, რომლებიც ფლობდნენ თიხის ჭურჭლის მოჭიქვის, სპილენძის ჭურჭლის მოკალვის, ტყავის ჭურჭლის კუპრით დამუშავების ტექნიკას.
გიორგი ბარისაშვილმა გულისტკივილით აღნიშნა, რომ უნიკალური ტექნოლოგიები ჩვენს თვალწინ იკარგება, რადგან ოსტატები ღრმად მოხუცებულები არიან, მათი საქმის გამგრძელებელი შეგირდები კი არ ჩანან.
ლექციის დასასრულს ღვინის კლუბის წევრებმა და სტუმრებმა გიორგი ბარისაშვილის მიერ 3-4 წლის წინ ვაზის იშვიათი 110 ქართული ჯიშისგან დაწურული ღვინო გასინჯეს.
© ღვინის კლუბი/vinoge.com