12 მაისს ახალი ღვინის ფესტივალია!

12 მაისს, შაბათს, თბილისის ეთნოგრაფიულ მუზეუმში ღვინის კლუბი გიწვევთ ახალი ღვინის ფესტივალზე, რომელიც ქალაქ თბილისის მერიის პატრონაჟით უკვე მესამედ გაიმართება. ტრადიციულად, ფესტივალში მონაწილეობას მიიღებს თითქმის ყველა მსხვილი ღვინის კომპანია და მცირე მარანი. უხვად იქნება წარმოდგენილი ოჯახური ღვინოები საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან.

საუკეთესო ოჯახური ღვინოები ღვინის კლუბმა სპეციალურად შეარჩია დეგუსტაციის წესით. მსხვილი კომპანიები, მცირე მარნები და ოჯახები ფესტივალზე ცნობილი და იშვიათი ქართული ვაზის ჯიშის ყურძნისგან დაწურულ ღვინოებს წარმოადგენენ. რქაწითელი, საფერავი, მწვანე კახური, ციცქა, ცოლიკოური, ჩინური, შავკაპიტო, თავკვერი, კრახუნა, ალექსანდრეული, ჩხავერი, უსახელოური, ხიხვი, ქისი, ალადასტური, ოცხანური საფერე, ძელშავი, მუჯურეთული, ოჯალეში, კუნძა, გრძელმტევანა, ჭუმუტა, ჩიტისკვერცხა – ამ და სხვა მრავალი დასახელების ახალ ღვინოებს ერთად სხვაგან ვერსად ნახავთ.

ახალი ღვინის ფესტივალების ტრადიცია მეღვინეობით სახელგანთქმულ ყველა ქვეყანაში არსებობს. საქართველოში კი, ღვინის კლუბის ინიციატივით, ფესტივალი პირველად 2010 წელს ჩატარდა და ათასობით ღვინის გურმანს უმასპინძლა, მათ შორის, სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსულ ძალიან ბევრ უცხოელ ტურისტსა თუ ღვინის სპეციალისტს. მას შემდეგ ტრადიციად დამკვიდრდა, რომ მაისის ყოველ მეორე შაბათს ახალი ღვინის ფესტივალი გაიმართებოდა.

ჯიშური მრავალფეროვნების გარდა წლევანდელი ფესტივალი ქვევრის ღვინის სიუხვით იქნება გამორჩეული. ფესტივალის ერთ-ერთი მთავარი შემეცნებით-გასართობი სანახაობა იქნება ჭურის მოხდა და ჭაშნიკი ეთნოგრაფიული მუზეუმის ერთ-ერთ ეზოში.

თბილისის მერიის გარდა ახალი ღვინის ფესტივალის მხარდამჭერები არიან: საქართველოს ეროვნული მუზეუმი, გაზეთი „24 საათი“, ტელეკომპანია “რუსთავი 2″, vinoge.com, რადიო “უცნობი” და ღვინის ისტორიის ფონდი.

© ღვინის კლუბი / vinoge.com