ლექცია სემინარი ქართული ღვინის მარკეტინგის შესახებ

ღვინის კლუბში ტრადიციული ლექცია–სემინარები გრძელდება. 1 ნოემბერს საქართველოს გეოგრაფიული საზოგადოების დარბაზში მარკეტოლოგმა ნიკო თევდორაშვილმა წაიკითხა მოხსენება: „ქართული ღვინის მარკეტინგი დღეს – შეცდომები და შესაძლებლობები“.
ნიკო თევდორაშვილის შეფასებით, ქართული ღვინის ბაზარი ვითარდება, გაყიდული ღვინის რაოდენობა იზრდება, მაგრამ ღვინის პროფესიონალური მარკეტინგი მაინც არ არსებობს.
მარკეტოლოგის ზოგიერთმა მოსაზრებამ და რეკომენდაციამ კლუბში დისკუსია გამოიწვია. მომხსენებელს განსაკუთრებით ღვინის მწარმოებლები არ ეთანხმებოდნენ. მაგალითად, „მეღვინეობა ხარებას“ წარმომადგენელს გაუკვირდა, როდესაც ნიკო თევდორაშვილმა განაცხადა, რომ ღვინის კომპანიების დიდი ნაწილი ბოთლში ჩამოსხმულ 16–ლარიან ღვინოს ჩამოსასხმელი სახით 2 ლარად ყიდის, რაც ფაქტობრივად მომხმარებლის მოტყუებაა.
ასევე დისკუსია მოჰყვა მომხსენებლის შეფასებას, რომ საქართველოს ღვინის ბაზარზე ჯერ კიდევ არ არსებობს ბრენდები, თუკი ბრენდად განვიხილავთ „საქვეყნოდ აღიარებულ“ სავაჭრო ნიშანს, რომელსაც მწარმოებლისთვის მაღალი დამატებითი ღირებულება მოაქვს.
„როგორც ბუნებაში შეუძლებელია იპოვო ორი აბსოლუტურად  ერთნაირი მცენარე, ასევე მარკეტინგში  წარმოუდგენელია უნივერსალური პასუხი, პოზიციონირების რომელი კონცეფცია მუშაობს უკეთესად. ყველაფერი დამოკიდებულია კონკრეტულ პირობებზე და კონკრეტულ სპეციალისტებზე. მოსალოდნელ მარკეტინგულ ბრძოლებში მთავარი იარაღი იქნება ბრენდინგი – ის, რაც ჩვენს ღვინის ბაზარზე ჯერ არ არის. კომპანიებს, რომლებსაც უნდათ უზრუნველყონ მშვიდი და წარმატებული მომავალი, აუცილებლად უნდა გასწიონ დიდი ძალისხმევა და გამონახონ საშუალებები თავიანთი სავაჭრო მარკის შემუშავებისათვის და მისი წარმატებისათვის“, – აღნიშნა ნიკო თევდორაშვილმა.
საუბარი ასევე შეეხო ქართული ღვინის საექსპორტო სტრატეგიის პრობლემებს. ნიკო თევდორაშვილი იზიარებს მოსაზრებას, რომ ქართული ღვინო ვერ გაუწევს კონკურენციას ჩილეს, არგენტინის, ავსტრალიისა და სხვა ე. წ. ახალი სამყაროს იაფფასიან ღვინოებს. ამიტომ ქართულმა ღვინოებმა მსოფლიო ბაზარზე ადგილი საშუალო საფასო სეგმენტისა და პრემიუმ კლასის ღვინოებს შორის უნდა დაიკავოს.
© ღვინის კლუბი/vinoge.com