“ახალი ღვინის ფესტივალი 2011″ 14 მაისს გაიმართება

ახალი ღვინის ფესტივალი

14 მაისს თბილისის ეთნოგრაფიულ მუზეუმში ღვინის კლუბი გიწვევთ ახალი ღვინის ფესტივალზე, რომელიც ქალაქ თბილისის მერიის პატრონაჟით უკვე მეორედ გაიმართება. ფესტივალში მონაწილეობას მიიღებს თითქმის ყველა მსხვილი ღვინის კომპანია და რამდენიმე მცირე მარანი. უხვად იქნება წარმოდგენილი ოჯახური ღვინოები საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან.
ღვინის კლუბის ყოველკვირეულ სხდომებზე დეგუსტაციის წესით უკვე შეირჩა ორმოცზე მეტი ოჯახური მარანი, რომლებიც ფესტივალზე იშვიათი ქართული ვაზის ჯიშის ყურძნისგან დაწურულ ღვინოებს წარმოადგენენ. ჩხავერი, საკმიელა, უსახელოური, ხიხვი, ქისი, ციცქა, ოცხანური საფერე, ჩინური, თავკვერი – ამ და სხვა მრავალი დასახელების ახალ ღვინოებს ერთად სხვაგან ვერსად ნახავთ.
ახალი ღვინის ფესტივალების ტრადიცია მეღვინეობით სახელგანთქმულ ყველა ქვეყანაში არსებობს. საქართველოში კი, ღვინის კლუბის ინიციატივით, პირველად გასულ წელს ჩატარდა და ათასობით ღვინის გურმანს უმასპინძლა.
ჯიშური მრავალფეროვნების გარდა წლევანდელი ფესტივალი ქვევრის ღვინის სიუხვითაც იქნება გამორჩეული. ფესტივალის ერთ-ერთი მთავარი შემეცნებით-გასართობი სანახაობა იქნება ჭურის მოხდა და ჭაშნიკი ეთნოგრაფიული მუზეუმის ერთ-ერთ ეზოში.
ახალი ღვინის ფესტივალის მხარდამჭერები არიან: ბელუქსი, საქართველოს ეროვნული მუზეუმი, გაზეთი „24 საათი“, მარანი/Weekend, www.vinoge.com, ღვინის ისტორიის ფონდი და ქვევრის ფონდი.