Archive: December, 2011

ღვინის კლუბი გილოცავთ დამდეგ შობა–ახალ წელს!

კარგი ღვინო და ცხოვრების ხალისი არ მოგკლებოდეთ! :)

ქართული (კახური) ღვინო, როგორც ფუნქციური საკვები

13 დეკემბერს საქართველოს გეოგრაფიული საზოგადოების დარბაზში ღვინის კლუბის ლექცია-სემინარების ციკლი ბიოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორმა, პროფესორმა არმაზ შალაშვილმა გააგრძელა. მისი ლექცია – “ქართული (კახური) ღვინო, როგორც ფუნქციური საკვები” ეხებოდა ტრადიციული კახური ტექნოლოგიით ქვევრში დაყენებული ღვინოების უნიკალურ თვისებებს.
არმაზ შალაშვილის მეცნიერული კვლევები მოიცავს როგორც ქართული, ისე უცხოური ვაზის ჯიშების ყურძნისგან დაყენებულ ღვინოებში სასარგებლო ნივთიერებების მოცულობის განსაზღვრას და მათ გავლენას ადამიანის ორგანიზმზე.
არმაზ შალაშვილის მიერ წარმოებული ლაბორატორიული კვლევების შედეგად დადგინდა, რომ კახური ტექნოლოგიით ანუ სრულ ჭაჭაზე გაზაფხულამდე დაყოვნებით დადუღებული ღვინოები უფრო მეტ სასარგებლო ნივთიერებებს შეიცავს, ვიდრე ე. წ. ევროპული ტიპის ღვინოები.
მაგალითად, კახური ტექნოლოგიით დაყენებულ “რქაწითელში” ფენოლების ჯამი შეადგენს 2200 მგ/ლ-ს, კატეხინები – 640 მგ/ლ-ს, პროანტოციანიდინები – 690 მგ/ლ-ს. ევროპული წესით დაყენებულ “რქაწითელში” კი საერთო ფენოლების რაოდენობა თითქმის 8-ჯერ ნაკლებია – 280 მგ/ლ, კატეხინები – 9-ჯერ ნაკლები (52 მგ/ლ), პროანტოციანიდინები – 5,5-ჯერ ნაკლები (130 მგ/ლ). სასარგებლო ნივთიერებები განსაკუთრებით დიდი რაოდენობით გვხვდება რქაწითელში, საფერავსა და ქისში.
არმაზ შალაშვილის თქმით, კახური ღვინო მდიდარია ტანინებით, რომლის სარგებლიანობის შესახებ ბოლო ათწლეულებში ბევრი გამოკვლევა გამოქვეყნდა. შესაბამისად, სასურველია, ღვინომ კუთვნილი ადგილი დაიკავოს კვების რაციონში. დღეში თითო ჭიქა წითელი ღვინო სასარგებლოა ჯანმრთელობისთვის, განსაკუთრებით მაშინ, თუკი იგი კახური ტექნოლოგიით არის დაყენებული. ამგვარი ღვინოთერაპიით შეგიძლიათ ებრძოლოთ გულსისხლძარღვთა დაავადებებს. წითელი ღვინო სისხლში ასევე ამცირებს თავისუფალი რადიკალების წარმოქმნას და შესაბამისად, ამცირებს სიმსივნური დაავადებების რისკს.
“ამერიკელი მეცნიერების დასკვნებით, წითელი ღვინო განსაკუთრებით მკერდისა და პროსტატის კიბოს რისკებს ამცირებს. ზოგადად კი, თუ გვინდა, ღვინო გამოვიყენოთ როგორც ორგანიზისთვის სასარგებლო პროდუქტი, მეღვინეებს უნდა მივცეთ რეკომენდაცია, რომ იგი კახური წესით დააყენონ, რათა სასარგებლო ნივთიერებების კონცენტრაცია მასში მეტი იყოს”, – აღნიშნა არმაზ შალაშვილმა და დასძინა, რომ სასარგებლო ზემოქმედება ღვინოს მხოლოდ იმ შემთხვევაში აქვს, თუ მას ზომიერად მოვიხმართ.

ისტორიული დეგუსტაცია – ახალი ჯიშები დღის სინათლეზე

21 უნიკალური ჯიში

ალეკო ცქიტიშვილი

2 დეკემბერს ღვინის კლუბის მორიგი საჯარო დეგუსტაცია ვაზის იშვიათ ქართულ ჯიშებს და მათგან დაყენებულ ღვინოებს მიეძღვნა. მაჩაბლის ქუჩაზე “ღვინის ბარ – shall”-ში შეკრებილი საზოგადოება ისტორული მოვლენის მონაწილე გახდა. ეს იყო დანახარულის, კახური მცვივანის, მგალობლიშვილის, საკმიელას, ახმეტის შავისა და ვაზის სხვა უსამართლოდ მივიწყებული ქართული ჯიშებისგან დაყენებული ღვინოების პირველი საჯარო პრეზენტაცია. ჯიშური ინდივიდუალობით და მაღალი ღირსებებით გამორჩეულმა ღვინოებმა დეგუსტაციის მონაწილე დარგის მეცნიერები, ჟურნალისტები და ღვინის მოყვარულები ერთნაირად აღაფრთოვანა.

“ქართული ჯიშების უმეტესობის პოტენციალი მეღვინეობაში უცნობია. არსებობს 521 ქართული ჯიშის სია, მაგრამ როცა შეგვეკითხებიან – როგორია ამ 521 ჯიშის პროდუქტი, პასუხი არ გვექნება, თუკი მათი ყურძნისგან ღვინო არ დავაყენეთ და არ გავსინჯეთ. დღევანდელი დღე არის ისტორიული, რადგან ის, რაც ღვინის კლუბმა წელს გააკეთა, არ გაკეთებულა ათწლეულების განმავლობაში. აქამდე არავის უცდია, იშვიათი ჯიშებისგან ღვინო დაეყენებინა და შემდეგ ფართო საზოგადოებისთვის გაესინჯებინა”, – აღნიშნა ღვინის კლუბის წევრმა, რეჟისორმა ლევან კიტიამ დეგუსტაციის შედეგების შეჯამებისას.

განვაგრძოთ კითხვა »