Archive: November, 2011

გიწვევთ იშვიათი ქართული ჯიშების დეგუსტაციაზე

2 დეკემბერს “ღვინის კლუბი” გეპატიჟებათ იშვიათი ქართული ჯიშებიდან დაყენებული ღვინოების საჯარო დეგუსტაციაზე. გაისინჯება 20–მდე ჯიშის ყურძნიდან დაყენებული ღვინო: ქისი, ხიხვი, კახური მცვივანი, კახური თეთრი, ღვინის თეთრი, გლდანურა, მესხური ჩიტისთვალა, მესხური მწვანე, მესხური ყურძენი, კრახუნა, საკმიელა, ჩხავერი, მგალობლიშვილი, ძელშავი, ასურეთული შავი, ჭანკილოური, დანახარული.

დეგუსტაციაზე დასწრების მსურველებმა ბილეთის შესაძენად დარეკეთ: 593 959823, დიმიტრი კობეშავიძე. ბილეთების შეძენა ასევე შესაძლებელია საბანკო ანგარიშსწორებთაც: გადმორიცხეთ საფასური “თიბისი” ბანკის ანგარიშზე GE35TB7359836080100001 და დანიშნულებაში მიუთითეთ – “დეგუსტაციის საფასური, [თქვენი სახელი გვარი], [ტელეფონის ნომერი]
მიმღები “ღვინის კლუბი schall”.

ერთი ბილეთის ფასია 30 ლარი.

 

ცოტა რამ ქართული ქვევრის შესახებ

ღვინის კლუბი საქართველოს გეოგრაფიული საზოგადოების სხდომათა დარბაზში აგრძელებს ლექცია–სემინარების ციკლს ღვინისა და კულინარიის თემაზე.  22 ნოემბერს გიორგი ბარისაშვილმა წაიკითხა მოხსენება „ცოტა  რამ ქართული ქვევრის შესახებ“, რომელიც მოიცავდა საკმაოდ ვრცელ ინფორმაციას ქვევრის შესახებ – უძველესი ისტორიული ცნობებით დაწყებული, დღევანდელი პრობლემატიკით დამთავრებული.

გიორგი ბარისაშვილის თქმით, უკვე სადავო აღარ არის, რომ საქართველოს ტერიტორიაზე აღმოჩენილი უძველესი ქვევრის ნიმუშები საღვინე ჭურჭლად გამოიყენებოდა. ამას ადასტურებს ქვევრებში აღმოჩენილი ღვინის მჟავა, რომელიც იქ მხოლოდ ღვინის ხანგრძლივი შეხების შედეგად შეიძლებოდა დარჩენილიყო.

გიორგი ბარისაშვილმა ისაუბრა ციხიაგორაზე, ბაგინეთსა და სხვა ადგილებში შემორჩენილ უძველეს მარნებზე, სადაც ჩვენს წელთაღრიცხვამდე ჩაფლული ქვევრები ზოგჯერ დაუზიანებლადაც კი არის შემონახული. ისტორიულ მარნებში ხშირად მხოლოდ ქვევრებია წარმოდგენილი, რაც იმას ნიშნავს, რომ ქართული მარნის უმთავრესი ატრიბუტი ქვევრია. ისტორიულ–არქიტექტურული თვალსაზრისით, ასევე საინტერესოა ე. წ. კოშკმარნები – ერთდროულად ღვინის საცავისა და თავდაცვითი ფუნქციის მქონე ნაგებობები.

ქართული მარანი და მისი მოწყობა, ქვევრის დამუშავება ცვილით, ქვევრის დამზადება – ამ თემებზე გიორგი ბარისაშვილმა დამსწრე საზოგადოების უამრავ კითხვას უპასუხა. დასასრულს მან განაცხადა, რომ მზადა აქვს მოხსენება ქართულ საღვინე ჭურჭელზე, რომელსაც ღვინის კლუბში მომავალი წლის დასაწყისში წარმოადგენს.

© ღვინის კლუბი/vinoge.com

ლექცია სემინარი ქართული ღვინის მარკეტინგის შესახებ

ღვინის კლუბში ტრადიციული ლექცია–სემინარები გრძელდება. 1 ნოემბერს საქართველოს გეოგრაფიული საზოგადოების დარბაზში მარკეტოლოგმა ნიკო თევდორაშვილმა წაიკითხა მოხსენება: „ქართული ღვინის მარკეტინგი დღეს – შეცდომები და შესაძლებლობები“.
ნიკო თევდორაშვილის შეფასებით, ქართული ღვინის ბაზარი ვითარდება, გაყიდული ღვინის რაოდენობა იზრდება, მაგრამ ღვინის პროფესიონალური მარკეტინგი მაინც არ არსებობს.
მარკეტოლოგის ზოგიერთმა მოსაზრებამ და რეკომენდაციამ კლუბში დისკუსია გამოიწვია. მომხსენებელს განსაკუთრებით ღვინის მწარმოებლები არ ეთანხმებოდნენ. მაგალითად, „მეღვინეობა ხარებას“ წარმომადგენელს გაუკვირდა, როდესაც ნიკო თევდორაშვილმა განაცხადა, რომ ღვინის კომპანიების დიდი ნაწილი ბოთლში ჩამოსხმულ 16–ლარიან ღვინოს ჩამოსასხმელი სახით 2 ლარად ყიდის, რაც ფაქტობრივად მომხმარებლის მოტყუებაა.
ასევე დისკუსია მოჰყვა მომხსენებლის შეფასებას, რომ საქართველოს ღვინის ბაზარზე ჯერ კიდევ არ არსებობს ბრენდები, თუკი ბრენდად განვიხილავთ „საქვეყნოდ აღიარებულ“ სავაჭრო ნიშანს, რომელსაც მწარმოებლისთვის მაღალი დამატებითი ღირებულება მოაქვს.
„როგორც ბუნებაში შეუძლებელია იპოვო ორი აბსოლუტურად  ერთნაირი მცენარე, ასევე მარკეტინგში  წარმოუდგენელია უნივერსალური პასუხი, პოზიციონირების რომელი კონცეფცია მუშაობს უკეთესად. ყველაფერი დამოკიდებულია კონკრეტულ პირობებზე და კონკრეტულ სპეციალისტებზე. მოსალოდნელ მარკეტინგულ ბრძოლებში მთავარი იარაღი იქნება ბრენდინგი – ის, რაც ჩვენს ღვინის ბაზარზე ჯერ არ არის. კომპანიებს, რომლებსაც უნდათ უზრუნველყონ მშვიდი და წარმატებული მომავალი, აუცილებლად უნდა გასწიონ დიდი ძალისხმევა და გამონახონ საშუალებები თავიანთი სავაჭრო მარკის შემუშავებისათვის და მისი წარმატებისათვის“, – აღნიშნა ნიკო თევდორაშვილმა.
საუბარი ასევე შეეხო ქართული ღვინის საექსპორტო სტრატეგიის პრობლემებს. ნიკო თევდორაშვილი იზიარებს მოსაზრებას, რომ ქართული ღვინო ვერ გაუწევს კონკურენციას ჩილეს, არგენტინის, ავსტრალიისა და სხვა ე. წ. ახალი სამყაროს იაფფასიან ღვინოებს. ამიტომ ქართულმა ღვინოებმა მსოფლიო ბაზარზე ადგილი საშუალო საფასო სეგმენტისა და პრემიუმ კლასის ღვინოებს შორის უნდა დაიკავოს.
© ღვინის კლუბი/vinoge.com