Archive: June, 2011

“წინანდლისგან” მეტს ველით და მოვითხოვთ

“ღვინის კლუბმა” საუკეთესო “წინანდლები” გამოავლინა

ალეკო ცქიტიშვილი

ადგილწარმოშობის დასახელების კონტროლირებადი ღვინო “წინანდალი” დღესდღეობით ყველაზე პოპულარული თეთრი მშრალი ქართული ღვინოა როგორც სამამულო ბაზარზე, ისე უცხოეთში. თეთრი ღვინოებიდან ექსპორტზე კომპანიებს ყველაზე დიდი რაოდენობით სწორედ “წინანდალი” გააქვთ. პოპულარობის მიუხედავად, ამ ღვინოს პრობლემები აქვს, რაც 18 ივნისს ღვინის კლუბის მორიგ დეგუსტაციაზეც გამოიკვეთა.

განვაგრძოთ კითხვა »

ჰილარიუს პიუტცის ლექცია ღვინის კლუბში

საფესტივალო სეზონის შემდეგ, ღვინის კლუბმა საქართველოს გეოგრაფიული საზოგადოების დარბაზში განაახლა ლექცია-სემინარები მევენახეობა-მეღვინეობის თემაზე. 6 ივნისს ღვინის კლუბის წევრებს და დაინტერესებულ სტუმრებს ცქრიალა ღვინოების მწარმოებელი კომპანიის – „ბაგრატიონი 1882“-ის მოწვეული სპეციალისტი, ჰილარიუს პიუტცი ქართული მევენახეობა-მეღვინეობის პრობლემებსა და პერსპექტივებზე ესაუბრა.
გერმანელი სპეციალისტი საქართველოში უკვე 4 წელია მუშაობს. მისი დაკვირვებით, საბჭოთა პერიოდში ქართული მევენახეობა-მეღვინეობა საკუთარ ნაჭუჭში ჩაიკეტა და ტრადიციული მეღვინეობის მქონე ევროპული ქვეყნების შესაბამისი დარგების განვითარების დონეს ჩამორჩა. ძველი თაობის ქართველი სპეციალისტები ევროპულ ტექნოლოგიებს და ტექნიკას ძნელად იღებენ. მხოლოდ ბელარუსის ტრაქტორების გამოყენებით კი ვენახების მდგრადი მოვლა-პატრონობა შეუძლებელია, თუკი მევენახეს უნდა, ნაკლები შრომა და ხარჯი გასწიოს და თან ღვინისთვის აუცილებელი ხარისხიანი ნედლეული მიიღოს.
ჰილარიუს პიუტცის ლექციის დიდი ნაწილი მევენახეობაში ნაკლები შესაწამლი საშუალებების გამოყენებისა და ნიადაგის ბიოლოგიური სტრუქტურის დაცვის თემას ეხებოდა. „თანამედროვე ტექნიკა აუცილებელია, მაგრამ ამ ტექნიკის გამოყენება უნდა იცოდე ისე, რომ იგი ვენახს წაადგეს და არა ისე, რომ ნიადაგიც გამოფიტოს და ვაზიც დააკნინოს“, – განაცხადა მან.
მისი თქმით, კომპანია „ბაგრატიონი 1882“ ბოლო წლების განმავლობაში აქტიურად აშენებს ვენახებს ქართლსა და იმერეთში. ძირითადად ირგვება ქართული ჯიშები, რომლებიც ტრადიციულად, ცქრიალა ღვინოების დასამზადებლად გამოიყენება: ციცქა, მწვანე კახური, ჩინური, გორული მწვანე. ცქრიალა ვარდისფერი ღვინოებისთვის კომპანია იყენებს საფერავს, წელს კი ბაზარზე კიდევ ერთი ქართული ვაზის ჯიშის – თავკვერის ვარდისფერი ღვინო გამოჩნდება.
თუ როგორი ხასიათის ღვინო მიიღება ვაზის ამ ჯიშების ნაყოფისგან, ჰილარიუს პიუტცმა დამსწრე საზოგადოებას საილუსტრაციოდ „ბაგრატიონი 1882“-ის ხუთი სახეობის ღვინო გაასინჯა. მათ შორის ყველაზე საინტერესო იყო ჩინურის, მწვანე კახურისა და ციცქასგან კლასიკური ბოთლური მეთოდით დაყენებული მშრალი ცქრიალა ღვინო და საფერავისგან დაყენებული ვარდისფერი ცქრიალა ღვინოები.

© ღვინის კლუბი/vinoge.com