ვაზისა და ღვინის ბიბლიოთეკა თბილისში

მეღვინეობითა და მევენახეობით დაინტერესებულ სპეციალისტებს, სტუდენტებსა და, უბრალოდ, ღვინის მოყვარულებს საქართველოს ღვინის კლუბმა და საქართველოს პარლამენტის ეროვნულმა ბიბლიოთეკამ საახალწლოდ სასიამოვნო სიახლე შესთავაზა. საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში გაიხსნა ვაზისა და ღვინის ბიბლიოთეკა. ეს პირველი შემთხვევაა, როცა საქართველოში, ღვინის ათასწლოვანი კულტურის ქვეყანაში, შესაძლებელი გახდა სათანადო ძალების მობილიზება და ესოდენ მნიშვნელოვანი წიგნიერი კერის დაფუძნება ღვინის სფეროს გარშემო.

ბიბლიოთეკა აღჭურვილია ქართული და უცხოენოვანი წიგნებით, როგორც ეროვნულ ბიბლიოთეკაში დაცული ძველი რესურსებით, ისე უკანასკნელo წლების გამოცემებით, აქ ნახავთ სახელმძღვანელოებს, ისტორიულ წყაროებს, ანალიტიკურ ტექსტებს, ენციკლოპედიებსა და ვიზუალური მასალით მდიდარ კატალოგებს. მკითხველს შეუძლია, მოიძიოს სხვადასხვა დროს გამოცემული საჭირო ლიტერატურა მევენახეობაში, მეღვინეობაში, ნიადაგმცოდნეობასა და სხვა მომიჯნავე დარგებში. აქ წარმოდგენილი მდიდარი წიგნადი რესურსები შეიცავს მნიშვნელოვან ინფორმაციას მსოფლიოს თითქმის ყველა რეგიონის მევენახეობა-მეღვინეობის ისტორიისა და აქტუალური მდგომარეობის შესახებ. ახლო მომავალში ბიბლიოთეკაში მკითხველს შესაძლებლობა ექნება, გაეცნოს ღვინის პერიოდიკას ინგლისურ, გერმანულ, ფრანგულ, იტალიურ და რუსულ ენებზე.

ვაზისა და ღვინის ელექტრონული ბიბლიოთეკის შიდა ქსელში სულ მალე განთავსდება ასეულობით ციფრული წიგნი ღვინის კლუბის კოლექციიდან. მომხმარებელს აღნიშნულ ბაზაზე წვდომის საშუალება ექნება ბიბლიოთეკის კომპიუტერული ქსელიდან. დაგეგმილია მევენახეობა–მეღვინეობასთან დაკავშირებული ძველი ქართული გამოცემების გაციფრულება და გამოქვეყნება.

წლის განმავლობაში ბიბლიოთეკის გუნდი გეგმავს არაერთ აქტივობას, რომელიც საზოგადოებას სხვადასხვა ასპექტით შეახსენებს ქართული ღვინის შესახებ. დაინტერესებულ პირებს – ენოლოგებს, სომელიეებს, მევენახეებს, მეღვინეებს, სტუდენტებს, ან, უბრალოდ, საკითხით დაინტერესებულ პირებს 2015 წლიდან შეუძლიათ, ესტუმრონ ვაზისა და ღვინის ბიბლიოთეკას საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის III კორპუსში დილის 9-დან საღამოს 8 საათამდე.

© საქართველოს ღვინის კლუბი, ღვინის ეროვნული სააგენტო