გიწვევთ “ღვინის კლუბის” დეგუსტაციებზე

საფერავების დეგუსტაცია

 

ღვინის კლუბი” თავის მორიგ სეზონს იწყებს და გვინდა ერთი მნიშვნელოვანი სიახლე შემოგთავაზოთ ღვინის მოყვარულებს.

სექტემბრის ბოლოდან ვიწყებთ დეგუსტაციების ციკლს, რომელიც ჯერ-ჯერობით 2 კვირაში ერთხელ გაიმართება, მაგრამ იმედი გვაქვს, რომ სულ მალე ეს დეგუსტაციები ყოველკვირეული გახდება.

სანამ პირველი საჯარო დეგუსტაციის დღეს დავნიშნავდით, გვინდოდა დაინტერესებული პირებისთვის წინასწარ გვეცნობებინა ამ სიახლის შესახებ და ერთგვარად ნიადაგი მოგვესინჯა და გაგვეგო, რამდენად არიან მზად ქართული ღვინის მოყვარულები ამგვარი დეგუსტაციებისთვის. რამდენი იქნება მსურველი და ა.შ.

დეგუსტაციაში მონაწილეობა შეუძლია მიიღოს ყველას, ვინც დაინტერესებულია ქართული ან უცხოური ღვინით და სურს მეტი იცოდეს ამ არაჩვეულებრივი სასმელის შესახებ.

სავარაუდოდ, დეგუსტაცია გაიმართება პარასკევობით, საღამოს 18:00–ზე, ქალაქის ცენტრში, სოლოლაკში, მაჩაბლის # 16–ში მდებარე ძალიან მყუდრო ღვინის კაფეში – „ღვინის კლუბი Schalla“.

დეგუსტაციის ღირებულება იქნება დაახ. 30–50 ლარი (ღირებულება დამოკიდებულია იმაზე, თუ რომელი ღვინის დეგუსტაციაა დანიშნული), სადაც თქვენ შეგეძლებათ 10 სხვადასხვა დასახელების ღვინის გასინჯვა.

კლუბი გეგმავს თითოეული დეგუსტაცია თემატური იყოს: მაგ. ერთ დღეს გავსინჯავთ მხოლოდ წინანდლებს, შემდეგ შეხვედრაზე კახურ, ქვევრში დაყენებულ ღვინოებს, შემდეგ საფერავებს, ქისს, ხვანჭკარებს, ბორდოს წითელ ღვინოებს, ბურგუნდიულ თეთრებს, გერმანულ რისლინგებს და ა.შ. ამით თქვენ შესაძლებლობა მოგეცემათ ერთ საღამოში სრული წარმოდგენა შეიქმნათ კონკრეტული დასახელების თუ ჯიშის ღვინოზე, გასინჯოთ 10 სხვადასხვა ნიმუში, შეადაროთ ერთმანეთს ისინი და ამოარჩიოთ თქვენი ფავორიტი.

შესაძლებელია დეგუსტაციების დაგეგმვა მომხმარებლების თხოვნის შესაბამისადაც, წინასწარი გამოკითხვებით.

მსურველებს შეეძლებათ რამდენიმე დღით ადრე შეიძინონ დეგუსტაციაზე დასასწრები ბილეთები. დეგუსტაციას ჩაატარებს პროფესიონალი, რომელიც მოკლე შესავალ ლექციას წაიკითხავს იმ კონკრეტული ღვინის შესახებ, გაგიწევთ მეგზურობას და ღვინის გასინჯვასთან ერთად დამსწრეებს ბევრ საინტერესო ინფორმაციასაც მიაწვდის.

ჯგუფის შეკრების შემთხვევაში (ჯგუფი შეიძლება შედგებოდეს 15, 30 ან 45 ადამიანისგან) შეგიძლიათ დაგვიკვეთოთ თქვენთვის სასურველი ღვინის დეგუსტაცია.

 

ველით თქვენს გამოხმაურებებს!

 

პატივისცემით, ღვინის კლუბი.